საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის სეიმის სპიკერ ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ კიდევ ერთხელ აღინიშნა - ლიტვაში მტკიცედ სჯერათ, რომ საქართველოს გამარჯვება ლიტვის გამარჯვებაა.
ლიტვის პარლამენტი ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ზიტა ჟვიკიენე ხელმძღვანელობს, 64 დეპუტატს აერთიანებს. საქართველოს პარლამენტის ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი კი, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტარი ვალერი გელაშვილია, 25 დეპუტატს აერთიანებს.