საზოგადოება
„საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს“ - ლიცუნ ძი
1-aziat-sazog-3-analitსაქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც დააინტერესებთ ჩინურ კომპანიებს. კერძოდ, ტრანსპორტის(რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკა (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები.
საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, წინასწარ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 29 ივნისს პეკინში. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსური რესურსების მოძიებაში.