აქტუალური
ხაინდრავა: „რუსთავი 2-ს და გრიგოლიას ისე ესმით სიტყვის თავისუფლება, როგორც მე ჩინური“

1-goga-aqtual-3-GEOსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენი ინფორმაციით, იმედზე გადაცემების დახურვა გოგა ხაინდრავამ მოითხოვა, – ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისივე თქმით, გოგა ხაინდრავა ლონდონში იყო ჩასული, სადაც პატარკაციშვილების ოჯახს შეხვდა და ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციის“ დახურვა სწორედ მას შემდეგ გადაწყდა.
"აიპრესი"გავრცელებულ ინფორმაციათან დაკავშირებით გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა.
კითხვაზე - რამდენად შეესაბამება "რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, გოგა ხაინდრავამ განაცხადა:

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ "რუსთავი 2" არის ბორდელი, სადაც პირად ვნებებს აკმაყოფილებენ გარკვეული თანხის საფასურად. ეს ყოველთვის ასე იყო. ეს არის სიცრუის, სიყალბის და ფალსიფიკაციის მანქანა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა და ბოკერიამ შექმნა და დღემდე მუშაობს.

ეს არანაირი პრესა და მედია არ არის. ეს არის ჭორების გამავრცელებელი სამსახური, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებში ყოველთვის არსებობდა და მისი მოდელით, მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ გადმოიღეს, რომელსაც კარგად აუწყო ფეხი მერაბიშვილმა, რადგან თვითონაც რუსული სპეცსამსახურებიდან მოდის და ასე გრძელდება.

არანაირი კავშირი გადაცემების დახურვასთან არ მაქვს. რასაც "რუსთავი 2"ლაპარაკობს, არანაირი საფუძველი არ აქვს. ინგლისში 3 წელიწადია არ ვყოფილვარ. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ბოლოს როდის ვნახე, მართალი გითხრათ, არ მახსოვს. მგონი ბოლოს ბადრის წლისთავზე ვნახე 5 წუთით ინა. არანაირი კავშირი არ მაქვს "იმედთან“, მითუმეტეს ინგა გრიგოლიასთან, რომელიც არც ვიცი საერთოდ და არც მახსოვს თუ არსებობს ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ ისიც ამ ჭორის, სიბინძურის ნაწილი იყო ყოველთვის. და საერთოდ, ძალიან კარგად მოიყარა თავი ყველამ",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა: მე ყოველთვის მერჩივნა ასე თავმოყრილად მენახა ყველა ერთად, და კარგია, კარგად ჩანს. "დემოკრატები"ალასანიას მეთაურობით, რუსთავი 2, მარგველაშვილი - სამწუხაროდ, ყველამ ერთად მოიყარეს თავი. მიშველაძეც გამოჩნდა უკვე ჩივილებით. ესენი ერთი სულისკვეთების, მსოფმხედველობის, აზროვნების ადამიანები და ერთი ბანაკის წარმომადგენლები არიან. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა თვითონ გაარკვიოს, სად არის სიმართლე და რეალობა. კიდევ ვიმეორებ, ეს არის სიცრუე აბსოლუტური. ისევე როგორც აბსოლუტური სიცრუეა ყველაფერი ის, რაც იქიდან მოდის და არანაირი კავშირი სიმართლესთან არ აქვს. ხშირად ხდება, მე რომ მაბრალებენ, რადგან რაც უფრო მეტ დაუჯერებელ ტყუილის იტყვიან, მით მეტად მუშაობს ეს ტყუილი. ფიქრობენ, რომ გებელსის ეს პოსტულატი დღემდე მუშაობს. მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენ სხვა ქვეყანაში ვართ. სხვა დროში. როგორც ჩანს, ახლა დავალება მიიღეს იმ ბნელი ძალებიდან დასავლეთში, ვინც ვერანაირად ეგუება იმას, რომ საქართველოში ძლივს აღმოჩნდა ხელისუფლება, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პარტერში არ დგას, მონობას არ თანხმდება და ყველა გადაწყვეტილებას თავდახრილად არ ასრულებს ჩრდილოეთის იქნება ეს თუ დასავლეთის. ამას მიჩვეული არიან დასავლეთში გარკვეული წრეები. მაკკეინისა და ბილდისნაირი მოღვაწეები ვინც თვლიან, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ აქედან ფული წოვონ, მათი ინტერესები გაატარებინონ, რაც მათ ჭირდებათ და არა რაც ამ ქვეყანას.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს:

ძალიან კარგად იკითხება ამ შეტევის არსი, სულისკვეთება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ყველაფერს მაგას აბრალებენ. აბორტების რაოდენობას, ვენერიული ავადმყოფობების გავრცელებას ერთმანეთან ურთიერთობაში. ამაში ყველაფერში დამნაშავე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. პირადად ინგას ებრძვის თურმე, პირადად მიშველაძეს ებრძვის, ყველას ეს ებრძვის. აქ ნათელია, მათი გაგებით რამხელა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. ეგ გავლილი დღეა, ეს გუშინწინდელი დღეა.

მე ძალიან მწყდება გული, რომ ქართული მედიის უმრავლესობა დარჩენილია გუშინწინდელ დღეში. საქართველოს პრეზიდენტისთვის თურმე ძალიან აქტუალური ყოფილა ინგა გრიგოლია რომელ ეთერში განახორციელებს რწყევას ყოველ საღამოს ქართული საზოგადოების მიმართულებით, მას ძალიან აღელვებს. თურმე იმდენად, რომ ერთმანეთში ურეკავენ. ესენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების კასტა. გარკვეული მიზნები აქვთ და ამ მიზნების განხორციელება მიდის. თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. იმიტომ, რომ ინგა გრიგოლია, რუსთავი 2, და ამ ისტორიის სხვადასხვა პერსონაჟები ისეთ კავშირში არიან თავისუფლებასთან და სიტყვის თავისუფლებასთან, როგორც მე ჩინეთთან. რუსთავი 2-ს და გრიგოლიას ისე ესმით სიტყვის თავისუფლება, როგორც მე ჩინური. ისე, მე უფრო მეტი კავშირი მაქვს, რადგან ბაბუა ცხოვრობდა ჩინეთში",  - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.