ნინო ბურჯანაძე ლევან გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობას არ აპირებს
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის იანვარში პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობას ჯერჯერობით არ აპირებს.
როგორც საქინფორმს "დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით არც კომენტარის გაკეთებას მიიჩნევს საჭიროდ". აღსანიშნავია, რომ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ჩანაწერების შესაძლო გამოქვეყნების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს. როგორც კიწმარიშვილმა განაცხადა, "ლევან გაჩეჩილაძე მზად არის, 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს ღია სატელევიზიო ეთერში დღესვე შეხვდეს". საქმე 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას შეეხება, რომლის შესახებაც პრესაში სკანდალური მასალები დაიბეჭდა. კიწმარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ამ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მასთან დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია "ხელისუფლების ცილისმწამებლურ კამპანიად" შეაფასა.