სამართალი
პატრულებმა მცხეთაში თვითმკვლელობის მიზნით მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალბატონი გადაარჩინეს
1-mcxeta-samart-2საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება. პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა. მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.