პოლიტიკა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და მემორანდუმის გაფორმება

1-memo-polit-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს. იგეგმება დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელ ქარხანასა და საქართველოს "ვაგონმშენებელს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის პორტის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ქართული ღვინის კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, შპს. საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმი.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ წამყვან ჩინურ მედიასაშუალებებთან.