საზოგადოება
„სწორედ ეს ბანერებია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგის საზომი... ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი დარჩა ოკუპანტს“ - ზაქარეიშვილი

1baner-sazog-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საკუთარ წერილში, აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე არსებულ ვითარებას აფასებს.

სადღეისოდ საქართველოს იმ ნაწილისთვის, რომელიც გამყოფი ხაზების აქეთ ცხოვრობს, ოკუპაციის ყველაზე მეტად ხელშესახები და ნათელი გამოხატულება .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები, რომლებსაც რუსი სამხედროები სხვადასხვა ინტენსივობით ამონტაჟებენ.

სწორედ ეს ბანერებია ოკუპანტი ძალის ხელში ერთადერთი, ყველაზე თვალსაჩინო იარაღი და მათი დადგმის, ყველაზე უარეს, ცალკეულ შემთხვევაში კი რამდენიმე ასეული მეტრით თვით ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით გადაადგილების გარდა, ეს ძალა სხვა ნაბიჯებს ვეღარ დგამს. საქართველოს ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმეტესად კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომ პროცესს თითქოსდა, მშვიდად ვუყურებთ. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ხელისუფლების ყველა შესაბამისი შტო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს პროცესის შესაჩერებლად და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. მიმაჩია, რომ სწორედ ეს ბანერებია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგის საზომი, რამდენადაც ბანერები და მავთულხლართებია ერთადერთი აგრესიული იარაღი, რაც კი დარჩა ოკუპატს იმ ფონზე, როდესაც ბანერებიდან რამდენიმე კილომეტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში აშენებული მძლავრი სამხედრო ბაზები და სხვა საინჟინრო ნაგებობებია განლაგებული", - წერს, კერძოდ, ზაქარეიშვილი.