საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. კონფერენციამ მუშაობა 30 აგვისტოს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაიწყო. ფორუმში 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მონაწილეობს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა საბერ ჩოდერიმ, გაეროს გენერალურმა მდივნმა პან გი მუნმა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა სემ ქუტესამ მიმართეს.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ან ბრასერთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან.
„აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ იღებს მონაწილეობას", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ინტერვიუ "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.