მინისტრმა განაცხადა, რომ ბიზნესმენები აღიარებენ საქართველოში გადასახადების სიმცირეს, თუმცა, მათი აზრით, ხშირად ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია. მინისტრის განცხადებით, სწორედ ბიზნესის პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა ახალი საგადასახადო კოდექსი და მომავალშიც ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა, რაც ამ სფეროს აწუხებს.
გადასახადების სიმცირის „ ამღიარებლებად“ მინისტრი, ალბათ, მხოლოდ იმ მსხვილ ბიზნესმენებს გულისხმობდა, რომლებიც, თუ საქმე მილიონებს არ ეხება, სხვა თანხას ფულად არ აღიქვამენ, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც მცირე ბიზნესით არჩენენ ოჯახებს და მათი წლიური შემოსავალი მსხვილი ბიზნესმენების ყოველკვირეულ ან თუნდაც დღიურ შემოსავალს უტოლდება?
გადასახადები მსოფლიოსთან შედარებით დაბალი თავისთავად უნდა იყოს, რადგან არც ზოგიერთი ქართველი ბიზნესმენის წლიური შემოსავალია საზღვარგარეთის დონის შესაბამისი. ასე რომ, აქ საამაყო არაფერია.
ასევე, სადავო თემაა, ვისთვის რა თანხაა დაბალი; როდესაც არცთუ ისე დიდი თანხით ბიზნესი ახალი დაწყებული გაქვს, იხდი იჯარის ფულს, დაქირავებული თანამშრომლების ხელფასებს, მათ შორის, ახალგაზრდა ბუღალტრისას, რომელმაც აუცილებლად ინტერნეტ პროგრამა უნდა იცოდეს საგადასახადოში წარსადგენად, და ამ დროს ელემენტარულ დარღვევაზე 1 500 ლარი მოგდის ჯარიმა. ეს ნამდვილად არაა პატარა თანხა, რადგან, შესაძლოა, მთლიანი ბიზნესის საბრუნავი თანხა სულ რაღაც 2-ჯერ აღემატებოდეს ჯარიმის ოდენობას. თუმცა, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ხარ და, როგორც იტყვიან, შენთვის ყველა კარი ღიაა, არც იჯარის ფულს იხდი, რადგან კომერციული ფართი „ბაბუამ დაგიტოვა“, დაქირავებული თანამშრომლების გასამრჯელო შენთვის ისეთი სასაცილო თანხაა, რომ მეგობრებთან ამ თემაზე ხუმრობ კიდეც, თუ როგორ შეიძლება ნორმალური ადამანი დღეში ოც ლარად დაიხარჯოს და იმ ბუღალტერს კი საერთოდაც არ იცნობ, რადგან ასეთ პრობლემებს შენი ნდობით აღჭურვილი პირი ე. წ. მენეჯერი აგვარებს, მაშინ არც 1500 ლარი წყვეტს საქმეს, რა პრობლემაა, ჩაჯდები 140-ათასიან მანქანაში, მიხვალ შენი მეგობრის ბანკში და შენი ანგარიშიდან იმ თანხას მოხსნი, რამდენიც წინა საღამოს ვახშამში დახარჯე.
ასე რომ, ყველაფერი პირობითია, ისევე, როგორც მინისტრის მიერ სიამაყით გამოცხადებული გადასახადების დაბალი ტარიფები, რაც არცთუ ისე ნათლად შეესაბამება სიმართლეს.