საზოგადოება
მთავარი პროკურატურის განცხადება 28 აგვისტოს თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

1-gvazava-sazog-1საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი ,,mercedes ml“-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში.

... გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია  სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური  და  ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.