საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა

foti-saz-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ერთ-ერთ ქვესადგურზე მეხის დაცემამ გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შეაღწია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.

წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე. ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქს ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება, მერიამ კი 24-საათიან რეჟიმში დაიწყო მუშაობა.

„ნალექის ის რაოდენობა მოდის ერთ საათში, რომელიც უნდა მოვიდეს 1-2 თვის განმავლობაში. მთელი ღამე მერიის სამსახურები დადიოდნენ იმ ადგფილებში, სადაც წვიმამ დააზარალა და წყალმა დააზარალა მოსახლეობა და თუკი არის რაიმე ზარალი, ფინანსური ზარალი, ამას დაითვლის მერიის სამსახურები. ჯერ ზარალზე მე მგონი ნაადრევია საუბარი იმიტომ, რომ ეს ფოთისთვის დამახასიათებელი ამინდია. არ მომხდარა ისეთი, რაც არ ხდებოდა ქალაქში. სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ წელიწადში ერთხელ, ორჯერ ფოთი ყოველთვის ისტორიულად იტბორებოდა იმიტომ, რომ მოდის უხვი ნალექი, რომელსაც ვერ ერევა სატუმბი სადგურები“, - აცხადებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია.