აქტუალური
დავით საგანელიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებს შეხვდა

sagan-aqtual-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებს შეხვდა. ჩინეთის იმპორტ -ექსპორტის პირველი საავტომობილო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე გაო ფანგთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ბიზნესპროექტის საკითხები განიხილეს.

ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის იდეა გამოთქვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხევაში ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილების აწყობა და მათთვის საჭირო დეტალების დამზადება მოხდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული. დავით საგანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩინური მხარე საქართველოს და ამიერკავკასიის რეგიონის ბაზრის შესწავლას აწარმოებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების ჩადების დიდი სურვილი არსებობს, რაც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი არის განპირობებული. შეხვედრის დასასრულს გაო ფანგმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და დავით საგანელიძეს საჩუქრად ჩინური ავტომობილის პატარა მოდელი გადასცა.

ჩინეთის დალიანის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჰან ქიანგისთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და 9-11 სექტემბერს გასამართ დაოსის აზიის ეკონომიკური ფორუმის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ დალიანის პროვინციასთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, დაგეგმილია დალიანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ხელმოწერაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგება. დალიანის პროვინციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ელმავალ და ვაგონმშენებელ ქარხნებს შორის თანამშრომლობის საკითხითაც დაინტერესდა. ფან ქიანგიმ დალიანის პროვინციაში ქართული კულტურული დღეების გამართვის სურვილიც გამოთქვა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიესალმა და ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. დავით საგანელიძის შეფასებით, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის დაინტერესება საქართველოს მიმართ უფრო და უფრო ღრმავდება, რასაც მოწმობს ორმხრივი ვიზიტები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი.