შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მიხეილ კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ კ-მ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საკურორტო დასახლება შეკვეთილში, სასტუმრო „
ოლიმპის“ ერთ-ერთ ნომერში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქის კუთვნილი,
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი ბრალდებულმა შეკვეთილში, სასტუმრო
„გურია პალასის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოქალაქის კუთვნილი,
„ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.