საზოგადოება
იუნესკო 7 ქართულ პროექტს დააფინანსებს

unesco_logoიუნესკომ 7 პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში იგეგმება სვეტიცხოვლის საკათედრო დოკუმენტაციის განახლება, ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური კატალოგის, ასევე, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტომასალების გამოცემა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, მოქვის სახარების დიაგნოსტიკა და ციფრულ მატარებლებზე მათი გადაყვანა. ნინო კალანდაძის თქმით, მოქვის სახარების ციფრულ ფორმატში გადაყვანა საკმაოდ ხარჯიანი იყო და ქართული მხარე ამას საკუთარი რესურსებით ვერ ახერხებდა. "სასიხარულოა, რომ იუნესკომ მოქვის სახარების ციფრულ მატარებლებზე გადატანა თავის თავზე აიღო", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება ეროვნული მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მასში მონაწილეობას მიიღებენ "მეტროპოლიტენ მუზეუმის" სპეციალისტები ქართველ ექსპერტებთან ერთად. 7-ივე პროექტის ბიუჯეტი 126 ათასი დოლარია.