ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები მედიკამენტებს ითხოვენ
რუსთავის № 6 საპატიმრო დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს მედიკამენტები არ მიეწოდებათ. ტუბერკულოზით დაავადებული ერთ-ერთი პატიმრის - ზაურ კარელიძის უფლებების დამცველის - მამუკა ნოზაძის განცხადებით, მსჯავრდებულები სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებენ და მათი დახურულ რეჟიმში, მითუმეტეს მკურნალობის გარეშე მოთავსება ყოვლად დაუშვებელია.
"თავად ის ფაქტი, რომ პატიმარი ქსნის ე.წ. ტუბზონიდან დახურულ რეჟიმში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ახლა კი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მას მედიკამენტების მიწოდება შეუწყვიტეს. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და პატიმარი იძულებული გახდა, შიმშილობა დაეწყო. მომხდარის გახმაურების შემდეგ პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა და დაჰპირდა, რომ მედიკამენტების მიწოდება 13 დეკემბრიდან აღუდგებოდა. კარელიძემ შიმშილობა შეწყვიტა და ახლა ორშაბათის დადგომას ელოდება. მასთან ერთად პროტესტს მსჯავრდებული დავით მაჭარაშვილი და კიდევ რამდენიმე პატიმარი გამოთქვამდა",- განაცხადა ადვოკატმა. საქინფორმი ინფორმაციის გადამოწმებას ხათუნა კალმახელიძის უწყებაში შეეცადა, მაგრამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პატიმრის შიმშილობის ფაქტი უარყვეს.