პუბლიკაციები
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ვიქტორია ნულანდთან და პუნიტ ტალვართან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თემატიკის გარდა საუბარი ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პრორიტეტულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა გაგრძელდეს. „პროფესიული განათლების სკოლა და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პირველ რიგში, საქართველოსთვის, მაგრამ ეს პროექტები წარმატების შემთხვევაში რეალურ შესაძლებლობებს აჩენს იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონული მასშტაბის ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძინოს. მაგალითისთვის, ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმღები ქვეყნის სტატუსიდან უსაფრთხოების მიმწოდებლის სტატუსზე გადაიყვანს. ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა და იმედი, რომ საქართველოს სახით არა მარტო მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, საიმედო, პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა უნდა ჰყავდეთ არამედ, საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, რომელიც ბევრ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.