საზოგადოება
სერგო კარაპეტიანი: „ჩვენ ერთობლივი წარმატებები უნდა გვქონდეს. ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი შეიძლება იყოს“

1karap-sazog-3საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრ სერგო კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD -ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის) ფარგლებში ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობას აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობაში. ახლო მომავალში სომხეთის რესპუბლიკაში ENPARD - ის პროგრამის განხორციელება დაიწყება და აღნიშნული პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება სომხეთისთვის მნიშვნელოვანია.

ბაზრების დივერსიფიკაციის თემა ჩვენი ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე პროდუქციის გატანა. კოლეგა მინისტრთან ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ და პოზიციები და სამომავლო გეგემები განვიხილეთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ჩვენთან განვითარებულია სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, თევზის წარმოება, სუფრის ყურძნის წარმოება. ეს მიმართულებები თქვენთვისაც საინტერესოა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობლივი წარმატებები“, - განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანაა, საქართველომ კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.