რელიგია
„ჩვენ არავისი მტერი არ ვართ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას, სამშობლოს, ჩვენს ხალხს, კულტურას, სარწმუნოებას. გოლიათი მუდამ იდგება ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ“, - ილია მეორე

Gol-sazog-2-relig-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი ასე მიმართა ქართულ ჯარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 16 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში.

ქადაგებისას პატრიარქმა ტაძარში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის დიდგორის ბრძოლა და დავით წინაწარმეტყველის ცხოვრების ეპიზოდი შეახსენა.

გოლიათი მუდამ იდგა და მუდამ იდგება ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ. ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღმერთი ჭეშმარიტი გადაარჩენს საქართველოს და აი, დავითმა გაიმარჯვა. მას არ ჰქონდა არავითარი იარაღი, მას ჰქონდა შურდული. 5 ქვა აიღო და პირველი ქვა გაისროლა და მოკლა გოლიათი. მივარდა, მისივე ხმლით მოჰკვეთა თავი და წარუდგინა მეფე საულს.

აი ამიტომ, ჩვენო სულიერო შვილებო, ჩვენო ჯარისკაცებო, ყოველდღე ეკლესია ლოცულობს თქვენთვის და შეავედრებს თქვენს თავს ღმერთს, რომ უფალმა ძალა და მხნეობა მოგცეთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქართველი ჯარისკაცები დალოცა და განაცხადა: „როცა ვუყურებ ჩვენ ჯარისკაცებს გული ივსება სიხარულით. ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას, სამშობლოს, ჩვენ ხალხს, კულტურას, სარწმუნოებას. დალოცვილი იყავით“, - ბრძანა ილია მეორემ.