ნანი ბრეგვაძე მოსკოვში აღარ იმღერებს
რუსეთის დედაქალაქში გამოჩნდა აფიშები, რომლებიც მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტის შესახებ იუწყება. აფიშის მიხედვით, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის სასახლეში 24 დეკემბერს გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა "გულის ხმა".
აფიშის მიხედვით, ქართველი მომღერალი კომპოზიციებს ალექსანდრე სარიევის აკომპანიმენტის ფონზე შეასრულებს. საღამოს დასაწყისად 19:00 საათია მითითებული. ინფორმაცია კონცერტის შესახებ განთავსებულია ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზეც. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ნანი ბრეგვაძის კონცერტზე ბილეთი 1000 რუბლიდან (30 აშშ დოლარი) იწყება და მაქსიმალური ფასი 5000 რუბლია (150 აშშ დოლარი). მისივე თქმით, პარტერის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია თავად მომღერალმაც დაადასტურა: "სწორია ეს ინფორმაცია. ვიფიქრე, რომ უარი არ უნდა ვუთხრა. იქ ხომ სტუდენტები და პროფესორები არიან, მითხრეს, этот концерт никакого политического значения не имеет. თუმცა, უნდა ვიკითხო სამინისტროში, მაქვს თუ არა ამის უფლება და ცუდ რამეს ხომ არ ვშვრები ამით. მე დღესვე გავარკვევ სამინისტროში ამ საკითხს".
ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის მოსკოვში კონცერტს აღარ გამართავს.