აქტუალური
საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის ამასწინანდელ ბრიფინგზე ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს გაკეთებულ პოზიტიურ პროგნოზებს აფასებს.
"პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც არასოდეს ყოფილა ასე გაწერილი და დალაგებული. განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასე დალაგებული ნამდვილად არ ყოფილა. მოსახლეობის მოლოდინი, რომ თითქოს სექტემბერში ლარი გაუფასურდება, რბილად რომ ვთქვათ, პანიკიდან გამომდინარეა. არავინ იცის, გაუფასურდება თუ არა და ახლა მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი. ისე, თუ გადავხედავთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, თუ გადავხედავთ იმას, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, საფუძველი იმისა, რომ ლარი გაუფასურდება და სასწრაფოდ დოლარი უნდა იყიდოს ვინმემ, არ არსებობს", - აცხადებს გაჩეჩილაძე.ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ბიუჯეტში მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია, "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი მამუკა მენთეშაშვილი აფასებს.
"ფინანსთა მინისტრის განცხადება და მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. მისი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში არ იგეგმება ეროვნული ვალუტის დამატებითი ბეჭდვა და ქსელში ჩაშვება. რაც მთავარია, გაწერილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ამ მიმართულებით რაიმე გართულებებს არ ველოდებით. რაც შეეხება წაგებული დარჩება თუ არა ის მოსახლეობა, რომელიც დღეს დოლარს იყიდის, გეტყვით, რომ საზოგადოებაში არსებობს შიშები სექტემბერთან დაკავშირებით. ანუ უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს. დღევანდელი განცხადებით, ამის ნიშნები არ არის, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ლარის კურსის ცვალებადობა ბოლო დღეებში იყო, მაგრამ ამას თავის მიზეზები ჰქონდა. ახლა, როცა ვუყურებ თუნდაც "ბლუმბერგს", საფუძველი იმისა, რომ სექტემბერში კატასტროფა გველის და ლარი გაუფასურდება, არ არსებობს", - აცხადებს "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი.