აქტუალური
„ფრანგული კონტრაქტი მხოლოდ ნაწილია. ძალიან ბევრი შესყიდვა აქვს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს, რის შესახებაც დეტალურად ვერ ვისაუბრებთ“ - თინა ხიდაშელის ბუნდოვანი განცხადება და ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიხსნება

1-kontrakt-AQTUAL-2-ANALITსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასწავლო ობიექტს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრიც გამოიყენებს.

ვაზიანში ეს ტანკოდრომიც ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება. შეიარაღებისა და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერების თვალსაზრისით აქტიური მოქმედებები დავიწყეთ, ფრანგული კონტრაქტი მთელი ამ მოქმედებების მხოლოდ ნაწილია. ძალიან ბევრი შესყიდვა აქვს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს, რის შესახებაც, რა თქმა უნდა, დეტალურად ვერ ვისაუბრებთ. დაგეგმილია, როგორც ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა.

ვაზიანში საზეიმოდ გახსნილ საბრძოლო მანქანების ტარების ველს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა.

თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ კარავში ე.წ. ტანკოდრომის შესაძლებლობებს გაეცნენ.