საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მეშვიდე წელია, რაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ამაოდ ითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს პროკურატურისგან. ბიზნესმენის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა მოსალოდნელი და გასაგები იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუმცა, 2012 წლის არჩევნებიდან 3 წლის თავზე გაუგებარია ახალი ხელისუფლების უმოქმედობა.
სამწუხაროდ, უკვე აშკარა გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ თუ არ ასრულებს მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასთან და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი უპრეცედენტო და შემზარავი მოვლენა მედია საშუალებებზე კონტროლის დამყარება და მათი მეპატრონეებისათვის უკანონოდ ჩამორთმევა იყო.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2004 წელს, დაახლოებით 7 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ პერიოდში გაკოტრების რეჟიმში მყოფი ტელეკომპანია, ქიბარ ხალვაშის განხორციელებული ინვესტიციებით, კვლავ იქცა წარმატებულ ორგანიზაციად და, რაც მთავარია, დამოუკიდებელ მედია საშუალებად.
2006 წლის დეკემბერში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, ქიბარ ხალვაშს„რუსთავი 2“-ის წილი დაათმობინეს.
დათმობილი წილის დაბრუნების მოთხოვნამ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა აამუშავა - 2007 წლიდან დაიწყო მისი დევნა, განხორციელდა შეტევები მისი ყველა ბიზნესის მიმართ, უხეში ძალადობით მოხდა შეჭრა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში, საეჭვო ვითარებაში დაიწვა საწყობი, რომელშიც რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ინახებოდა. რაც ყველაზე შემზარავი იყო, დაიჭირეს ქიბარ ხალვაშის ძმა და მეგობრები, თვითონ მას კი ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
ქიბარ ხალვაში, მასზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევის შედეგად, იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თავი გერმანიისთვის შეეფარებინა, სადაც მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ბიზნესმენი დასავლეთმა პოლიტიკურ დევნილად აღიარა. „რუსთავი 2“-ის იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებული მოვლენები კი იყო მთავარი არგუმენტი, რაც ქიბარ ხალვაშისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას „რუსთავი 2“-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანიის ჩამორთმევის ფაქტისა და პროკურატურის უმოქმედობის შესახებ აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის მოხსენებაში საქართველოშია დამიანის უფლებების შესახებ.
ცხადია, იმ პერიოდში რეაგირება არ ყოფილა და დასანანია, რომ ასე გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ამ სამი წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას „რუსთავი 2“-ის და სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ არ ჩანს.
ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და რუსთავი 2-ის ნომინალური მეწილეების, მოძალადეების მფარველობაში, რადგან ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი მეპატრონის უფლებების დაცვა.
4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება.
სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება, რათა მნიშვნელოვნად გართულდეს სამართლიანობის აღდგენა და წილების დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისათვის. წილების დაყადაღება საშულებას მოგვცემს აღვკვეთოთ პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შევინარჩუნოთ საკუთარი ქონების დაბრუნების შანსი.
აქვე გვინდა ყველას გასაგონად აღვნიშნოთ, ქიბარ ხალვაშის ცალსახა პოზიციაა, რომ მისი შელახული უფლებების სამართლებრივი გზებით აღდგენის პროცესში არ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც შეაფერხებს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობას.
კიდევ ერთხელ, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვცდილობთ აღვიდგნოთ შელახული უფლებები მხოლოდ სამართლებრივი გზებით და არავითარ შემთხვევაშიარ ვისახავთ მიზნად ტელეკომპანიის დასუსტებას ან ჟურნალისტთა შევიწროებას. პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ ერთ დროს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ კვლავ დაუბრუნდეს ხალხს, ემსახუროს მას და უზრუნველყოს ჟურნალისტთა თავისუფლება და მათი საქმიანობის ხელშეუხებლობა ნებისმიერი მხრიდან, მათ შორის, კომპანიის მესაკუთრის მხრიდანაც.
ჩვენ ვედავებით კომპანიის ნომინალურ მფლობელებს, რომლებზეც წილები ფორმალურად არის რეგისტრირებული და არა შემოქმედებით კოლექტივს, რომლის პროფესიონალიზი ეჭვს არ იწვევს. ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს, გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეტენზიები ცალსახად მიმართულია არა ტელეკომპანიის, არამედ მისი ფორმალური მესაკუთრეების წინააღმდეგ, ვაცნობიერებთ, რომ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მხრიდან შესაძლოა საკითხს მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლავაც ვაცხადებთ, რომ ჩვენს მიერ განხორციელდება მხოლოდ სამართლებრივი მოქმედებები უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მისი კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების მიზნით და ეს გავლენას არ მოახდენს ტელეკომპანიის საქმიანობაზე.
ჩვენ, ასევე მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მას ხელს ნუ შეგვიშლის სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში, რასაც განვახორციელებთ მხოლოდ სამართლებრივი გზებით.
მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ხელი შეგვიწყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული კერძო საკუთრების უფლების დაცვაში და ჩვენი შელახული უფლებების აღდგენაში.მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად.
მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აქცევენ კერძო სუბიექტებს შორის დავას პოლიტიკური ქულების ჩაწერის ასპარეზად, რადგან საკითხის პოლიტიზირება დააზარალებს პირველ რიგში მედია საშუალებას და იქ მომუშავე ჟურნალისტებს, აქცევს მათ პოლიტიკური გარჩევების მიკერძოებულ მხარედ და ხელს შეუშლის მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
მივმართავთ მედიასაშუალებებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს საკუთარი მოქალაქეობრივი და პროფესიული თანადგომით ხელი შეუწყონ სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებას ქვეყანაში.