სამართალი
ნიკა გვარამია: „მაღლა მზე იქნება და რუსთავი 2 იქნება იქ, სადაც არის" - ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა

1-kibar-samart-3საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ 5 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ბიზნესმენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომელთა თქმითაც, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა (ვიდეო იხ. აქ).

"2006 წლის დეკემბერში ხელისუფლების ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის წილი დაათმობინეს", - აცხადებენ ადვოკატები. მათივე თქმით, დათმობილი წილის დაბრუნების მოთხოვნამ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანაა ააამუშავა: "2007 წლიდან დაიწყო მისი დევნა, განხორციელდა შეტევები მისი ყველა ბიზნესის მიმართ, უხეში ძალადობით მოხდა შეჭრა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში"...

ქიბარ ხალვაშმა ოჯახთან ერთად გერმანიას შეაფარა თავი. "ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ბიზნესმენი დასავლეთმა პოლიტიკურ დევნილად აღიარა, რუსთავი 2-ის იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებული მოვლენები კი იყო მთავარი არგუმენტი, რაც ქიბარ ხალვაშისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის საფუძველი გახდა", - აცხადებენ ადვოკატები.

ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა საქართველოს პროკურატურას „რუსთავი 2“-ის იძულებით ჩამორთმევის საქმის გამოძიების მოთხოვნით, ხოლო შემდეგ იგივე მოითხოვა 2012 წლის შემდეგ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა.

"ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და რუსთავი 2-ის ნომინალური მეწილეების, მოძალადეების მფარველობაში... 4 აგვისტოს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება", - აცხადებენ ადვოკატები.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას თქმით კი, „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისება თეორიულად შეუძლებელია, რადგან მისი ერთ-ერთი მფლობელის წარმომადგენელი ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟაა", რომელიც ყველაფერს ბლოკავს.

რუსთავი 2 -ის 9% მფლობელი და მეწილე არის გარდაცვლილი გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელიც მთლიანად არის ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ. მისი წარმომადგენელი არის ე.წ. ყბადაღებული "რიჟა", რომელიც იღებს მონაწილეობას რუსთავი 2-ის ბორდის სხდომებში და ბლოკავს ყველანაირი წილის გასხვისებას და ამით ეწინააღმდეგება კომპანიის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ხელისუფლებამაც და ქიბარ ხალვაშმაც ძალიან კარგად იციან, რომ რომც გვინდოდეს წილების გასხვისება, ეს თეორიულად შეუძლებელია... ამიტომ ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი მიზეზი. მიზანი არის აბსოლუტურად განსახვავებული.... მაგრამ მე მათ ვპირდები, რუსთავი 2-ის ყველა მაყურებელთან ერთად, მაღლა მზე იქნება და რუსთავი 2 იქნება იქ, სადაც არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.