აქტუალური
გულბაათ რცხილაძე: “ხალხის ხმა”

1-gubaz-aqt-1-an-GEO-RUSსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამ დღეებში საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ უფრო მკაფიოდ გაჟღერდა პრაგმატული მოსაზრებები, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს უკავშირდება. კერძოდ, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პირდაპირ მოითხოვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. „ნაციონალების“ ტაშისმკვრელმა მასმედიამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ დაგმო ჯაჭვლიანის ეს განცხადება, არამედ მის უმნიშვნელო პასაჟებზე გაამახვილა ყურადღება, დეპუტატის დაკნინების და დაცინვის მიზნით.

საქართველოს ამჟამინდელ საგარეო კურსზე დაეჭვება ყველაზე ადრე საპარლამენტო უმრავლესობაში ბატონმა გოგი თოფაძემ გამოთქვა, შემდეგ მას გოგი ქავთარაძის ანალოგიური გამოსვლა მოჰყვა, ხოლო სულ ახლახანს მთავრობის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო ყოველმხრივ უნდა ეცადოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და მოლაპარაკებების ფორმატი მალე უნდა გააფართოვოს კიდეც. კალაძის თქმით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი საკმარისი აღარ არის და მმართველ პარტიაში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

მაშ ასე, მმართველ კოალიციის თვალსაჩინო წევრები: თოფაძე, ქავთარაძე, კალაძე და ჯაჭვლიანი. მათ შორის საკმაოდ დიდი პიროვნული სხვაობები არსებობს. თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა აერთიანებს მათ. კერძოდ, ყველა ისინი არ არიან ე. წ. „პროფესიონალი პოლიტიკოსები“, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები არიან: თოფაძე - მეწარმე, ქავთარაძე და ჯაჭვლიანი - მსახიობები, კალაძე - ფეხბურთელი. ეს პიროვნებები ბევრად უფრო არიან ახლოს ხალხთან, მეტიც, ისინი ხალხი-დან არიან და ჯანსაღად, ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობენ სათქმელს, ვიდრე დასავლურ ინსტიტუციებში გამოწვრთნილი „პროფესიონალი“ პოლიტიკოსები, რომლებსაც ცეცხლივით ეშინიათ, რაიმე კრიტიკული დასცდეთ დასავლეთის პოლიტიკის მიმართ. დაე იცინონ იმაზე, რომ ჯაჭვლიანს არ ესმის აბრევიატურა „იბიარდი“. დასაცინი ისინი არიან, ვისაც „იბიარდი“ რაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ჰგონია. არა, ბატონებო, არაფერი აქვს საერთო „იბიარდს“ ჩვენს ხალხთან და აუცილებელი არ არის, რიგითმა პარლამენტარმა იცოდეს ასეთი საფინანსო ორგანიზაციის არსებობის შესახებ. მთავარი ის არის, რომ ხალხიდან გამოსულმა ადამიანმა უკეთ იცის ხალხის საჭიროებები, ხალხის განწყობები. ამიტომ ვერ დააკნინებენ იმ განცხადების მნიშვნელობას, რომელიც კონკრეტულმა დეპუტატმა გააკეთა, მიუხედავად ამ განცხადების ფორმისა.

ის, რაც დღეს ხდება, საზოგადოებრივი აზრი რომ მთლიანად შემობრუნებულია, ჩვენი, ევრაზიის ინსტიტუტის და ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების დამსახურებაცაა. ტყუილად არ შფოთავენ დასავლეთის ხელის ბიჭ-ბუჭები, როდესაც ტელევიზიით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით გვაძაგებენ. მათ იციან, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რომელიც დღეს არ არის მათთვის სახარბიელო. ჩვენ კვლავაც შევიტანთ წვლილს საქართველოს ფასადური დამოუკიდებლობის რეალური დამოუკიდებლობით შეცვლაში და ამიტომ მივესალმებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მსგავს განცხადებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსების რიგებში ჯერ ისევ მხოლოდ ნინო ბურჯანაძე რჩება ღიად ჯანსაღ პოზიციებზე, საგარეო კურსთან მიმართებაში. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან უკვე ორჯერ განაცხადა, რომ ჰიპოთეტურად შესაძლებელია, საქართველომ გააკეთოს ევრაზიული არჩევანი, თუკი ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება და ამას დაინახავს ხელისუფლება. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ ბატონმა ბიძინამ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და გაამხნევოს ჯანსაღი აზრის მომხრეები როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციის რიგებში. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უსასრულოდ გაწელოს არსებული ვითარება, როდესაც ხალხი ერთს ითხოვს (რუსეთთან მეტ დაახლოებას) და ხელისუფლება მეორეს აკეთებს (რუსეთთან ურთიერთობების დაკონსერვება და არაფრის მომცემი პროდასავლური რიტორიკის გაგრძელება). ეს არ არის ლავირების და ბალანსის პოლიტიკა, ეს პოლიტიკის არქონაა. ვიმეორებთ, საქართველო ასეთ ვითარებაში უსასრულოდ ვერ იქნება.

ევრაზიის ინსტიტუტი