უცხოეთი
უკრაინის ხსნის კომიტეტმა საკუთარი პროგრამა წარმოადგინა

1-azarov-zar-2საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი განცხადებით,  „უკრაინის ხსნის კომიტეტი“ შეიქმნა. აზაროვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ახალი კომიტეტის მიზანი ქვეყანაში წესრიგის აღდგენაა. აზაროვი 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ჩვენი მთავარი ამოცანა რეჟიმის ტოტალური შეცვლაა, მისი განახლება. რა არის სრული განახლების მექანიზმი? ასეთი ერთია - საპრეზიდენტო და ხელისუფლების ყველა სხვა ორგანოს ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუციის მიღება“.

აზაროვმა იანუკოვიჩის აწ უკვე გაუქმებული ორგანიზაციის - „რეგიონების პარტიის“ ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ ოლეინიკი ახლადშექმნილი „ხნის კომიტეტის“ ხელმძღვანელად დაასახელა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის კანდიდატიც ოლეინიკი იქნება. აზაროვის თქმით, ის ახლადშექმნილი ჯგუფის ყველა წევრის სახელს ვერ აკონკრეტებს, რადგან ბევრი მათგანი უკრაინაში იმყოფება და ამით საფრთხე შეექმნებათ. აზაროვმა „გადატრიალება“ უწოდა უკრაინაში შარშან გამართულ სახალხო, პროევროპულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა მოჰყვა.

67 წლის აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო 2010-2014 წლებში, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. მასზეც და იანუკოვიჩზეც უკრაინის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული.

უკრაინის ხსნის კომიტეტის“ შექმნის შესახებ ცნობის გავრცელებიდან მოკლე ხანში კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას  ამ ინიციატივასთან კავშირი არ აქვს“.