საზოგადოება
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს რეალიზაცია ისევ აკრძალული იქნება

tambaqoსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია ისევ აიკრძალება. „თამბაქოს შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და პროექტიდან 50 მეტრთან არსებული დათქმის ამოვარდნა ტექნიკურ ხარვეზად შეაფასეს. შესაბამისად, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს რეალიზაცია, აკრძალული იქნება. ჯერჯერობით უცნობია, „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონპროექტის მსგავსად, ჩასწორდება თუ არა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტიც. კერძოდ, კოდექსის მოქმედი რედაქციით, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18-წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში ორმოცდაათი ლარით ისჯება.