როგორც მოსალოდნელი იყო ამ სასიკეთო ინიციატივაზე სახელისუფლო მედიასაშუალებებს კრინტიც არ დაუძრავთ. ჩვენს კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი გერაძემ აი, რა უამბო: ''5-ში ბარები არ გვაქვსო, გვითხრეს; 30 კაცი ვართ და 2 ცალი ბარი რას გვეყოფა-თქო. მერე ტელევიზია მოვაო? კი მოვა-მეთქი; ჰოდა, მაშინ ახალი ბარები გვაქვს ტელევიზიისთვის და გამოვიტანთო. აბა, გამოსულიყო ამ აქციაზე ე.წ. ელიტა, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, მათ ბარსაც მოუტანდნენ, სეკატორსაც, მოსარწყავ საშუალებებსაც და ''TV რიონსაც'' არ დააჯერებდნენ, ქალაქისა და ქვეყნის სიყვარულზე თავგადამკვდარ პერსონებად გამოიყვანდნენ წამყვან ტელეარხებზე, სადაც "დაყენებული" ტონით ისაუბრებდნენ...''
მიუხედავად ამისა, ენთუზიასტებმა მოსახლეობას მიმართეს და მათგან ნათხოვარი ბარებით საქმე ბოლომდე მიიყვანეს. მათ იმედი აქვთ, მისაბაძი იქნება ეს წამოწყება და სხვებიც ჩაერთვებიან ამ ლამაზ საქმეში, რომლის გაგრძელებას საღორიის ტყეში გეგმავენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ''საღორიის ტყე გაჩანაგდა... უკვე ტყეც აღარ ჰქვია, აქციის მოწყობა იქაც შეიძლება და, ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობას მაინც ექნება ტყე''.