აქტუალური
მანანა კობახიძე: „პრეზიდენტის კანონპროექტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებას ემყარება“

1-manana-aqtual-2საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის შეფასებით, ალტერნატიული წინადადების ინიცირებაზე "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტისგან ვეტოს სახით მიიღო.

კობახიძის თქმით, „სამწუხაროა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევის საჭიროების წინაშე დგება, მაგრამ ვეტო დაიძლევა".
„პარლამენტმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რათა კანონპროექტი იმ სახით მიგვეღო, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ექსპერტების რეკომენდაციები, პირველ რიგში, სავალუტო ფონდის. პროექტი ევროკავშირის ექსპერტებთან კონსულტაციებით გავიარეთ. შენიშვნები მაქსიმალურად, 80%-ზე მეტით გავიზიარეთ. სამი მოსმენით განხილვის პერიოდში ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შენიშვნები კანონპროექტში სათანადოდ ასახულიყო. ვფიქრობ, მივიღეთ კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან. სისტემაში შემოდის უფრო მეტი გამჭვირვალობა, ერთვება საპარლამენტო კონტროლი, რაც კარგია. გარდა ამისა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე თანამდებობრივად საზედამხედველო სამსახურის საბჭოს წევრები არიან, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ არანაირი არსებითი გამიჯვნა და გამოყოფა ამ სამსახურისა ეროვნული ბანკიდან, არ ხდება. ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული ბანკისგან მთლიანად გამოყოფილი და დამოუკიდებელი არ არის. ამისთვის ისიც კმარა, რომ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არიან საბჭოს წევრები. საზედამხედველო საბჭოს ხელმძღვანელის არჩევა უფრო მეტი გამჭვირვალობით და პარლამენტის ჩართულობით მოხდება. გაიზრდება მისი ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი არის ბევრად უკეთესი, ვიდრე არის დღეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.