საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა.
„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს კრძალავდეს ან აჩერებდეს სამსახურებს. საქართველოში არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელის მიხედვითაც დამსაქმებლებს ევალებათ, რომ დასაქმებულებს შეუქმნან სამუშაო პირობების კომფორტული რეჟიმი“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მაღალი რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს სპეციალისტები რეკომენდაციებს აძლევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებისა და დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
თავის მხრივ, პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში შრომითი უფლებები დაცული არ არის. მათი განმარტებით, +36 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში, მუშაობა უნდა შეჩერდეს.
„უნდა შეჩერდეს სამუშაოები აუცილებლად. ის, რომ საკანონმდებლო ბაზაში ხარვეზია, არ გვაძლევს იმის უფლება, რომ მზის გულზე მომუშავე ადამიანები მივატოვოთ რეგულაციების გარეშე და ვამუშაოთ სიცხეში. ეს არის პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა დამსაქმებლის“, - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.