საზოგადოება
უცხოელი მასწავლებლების გარშემო სკანდალები მომრავლდა

skola-55უცხოელი პედაგოგები, სულ 2-3 თვეა, საქართველოში იმყოფებიან და მათ ირგვლივ უკვე სკანდალები ძალიან მომრავლდა. უცხოელი მასწავლებელების მიმართ პრეტენზია უკვე დედაქალაქშიც გაუჩნდათ. №55 საჯარო სკოლიდან ინგლისურის უცხოელი მასწავლებელი ალექს უილიამსი გაათავისუფლეს. როგორც სკოლის მოსწავლეები იტყობინებიან, დირექტორმა პედაგოგი მისი არაკვალიფიციურობის გამო გააგდო, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას არ ახმაურებს და მოსწავლეებსაც იმავეს სთხოვს. თავად დირექტორი თამარ ჭაბაშვილი პედაგოგის გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა არ მალავს, რომ მოწვეული მასწავლებელი სკოლაში აღარ მუშაობს. “ჩვენ მართლაც გვყავდა ინგლისურის უცხოელი მასწავლებელი ალექს უილიამსი, თუმცა ის სკოლაში 3-თვიანი პროგრამით იმყოფებოდა, რომელიც უკვე ამოიწურა”, - განაცხადა ჭაბაშვილმა. რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, სამინისტროში აღნიშნული საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, მაგრამ მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს. ექსპერტებს ე.წ. უცხოელი პედაგოგების კვალიფიკაციასა და კომპეტენციაში იმთავითვე ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ თანდათან ეს ყველაფერი სკანდალურ ფორმატში გადადის.