მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთან და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთნ ერთად მექსიკაში, როგორც ჩანს, ელექტრომანქანების გამოსაცდელად გაემგზავრა.
„ნისანის“ ფირმის მანქანამ როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრებიც აღაფრთოვანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს საკმაოდ ეკონომიური მანქანაა და თუ ქართველებიც ამ ავტომობილის მოხმარებაზე გადავლენ, მაშინ მათ ბათუმში ჩასვლა 5 ლარი დაუჯდებათ, რადგან ერთი ბატარეა 160 კილომეტრის დასაფარადაა საკმარისი. მაგრამ, ეტყობა, მინისტრმა არ იცოდა, რომ ერთი ბატარეა 160 კილომეტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გყოფნის, თუ მხოლოდ 60 კმ/სთ-ით იმოძრავებ, ჩვენს ავტობანზე კი დასაშვები სიჩქარე 80 კმ/სთ-დან 110 კმ/სთ-მდეა. ასე რომ, ეს მანქანა ბათუმში ჩასასვლელად არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან სიჩქარის მომატებისას ავტომობილი ავტომატურად ბენზინის წვას იწყებს და ამ შემთხვევაში შეღავათიც აღარ გამოდის.სიმონ ჭუმბურიძე ის ქართველი ადამიანია, რომელიც, უკვე ორი წელია, „ტოიოტას“ფირმის ელექტრომანქანით სარგებლობს და არც თუ ისე კმაყოფილია, რადგან ის პრიორიტეტი, რომ ბენზინი არ გჭირდება, მას ამ ორი წლის განმავლობაში არ უგრძვნია. საქინფორმის ჟურნალისტთან საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ მანქანა საკმაოდ ნელია და თბილისში, სადაც ყველას ეჩქარება, საკმაოდ არაპრაქტიკულიც.
ვეთანხმებით გარემოს დაცვის მინისტრს, რომ ელექტრომანქანები საწვავის გამონაბოლქვს საგრძნობლად შეამცირებს, თუმცა, როგორ იქნება საქმე სასწრაფოებისა და სახანძრო მანქანების შემთხვევაში, ეს ჯერ არ ვიცით. იმედია, მომაკვდავ ადამიანთან ან აალებულ სახლთან მისასვლელად ამ ავტომობილებს მისცემენ იმის უფლებას, რომ არამხოლოდ ელექტროენერგიით, არამედ ბენზინითაც ისარგებლონ, უბრალოდ, რომ არ დააგვიანდეთ.
პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ამ მანქანების შემოყვანის საკითხს სამთავრობო დონეზე დააყენებს და იმედია, რამდენიმე წელში ქართველებს ჯარიმებს არ გადაგვახდევინებენ იმ ახალნაყიდი მანქანების გამო, რომლებიც ბენზინზე მუშაობს. ავადსახსენებელი შადრევნების, ახალი ხიდებისა და ყვითელი ავტობუსების მსგავსად, პრეზიდენტის ახალი წამოწყებაც მძიმე ტვირთად დააწვება მომავალი წლის ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს,სადაც სეკვესტრში მოხვდა ისეთი სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვა, დაზღვევა, განათლება და მრავალი სხვა.
უკვე ნათელი ხდება, რატომ ყიდდნენ მერიის წარმომადგენლები ბოლო მოდელის ავტომობილებს, საკუთარი თავები კი დიდ დემოკრატებად შერაცხეს. თბილისის მერის ელექტროტრამვაის ახალი წამოწყებისა და საქართველოს პრეზიდენტის ელექტრომანქანების მეშვეობით, თბილისი მალე, ალბათ, ელექტროქალაქად გადაიქცევა და ვინ იცის, იქნებ სახელიც კი შეუცვალონ, თუმცა სახელს ვინ ჩივის, მათი მეშვეობით ისე პანტაპუნტით ვკარგავთ ტერიტორიებს, რომ ელექტრო მანქანით, რომლის ერთი ბატარეაც, როგორ უკვე აღვნიშნეთ, 160 კმ-ის გასავლელად გყოფნის, შესაძლოა, მთელი საქართველო მოიაროთ ანდა სულაც ეს ავტომობილები ველოსიპედებით ჩაგვინაცვლონ.
აბა რა?! საქართველო ხომ ერთ დიდ ტურისტულ ზონად უნდა იქცეს, სადაც, როგორც „დისნეილენდში“, გოლფის მოედნებსა და მილიარდერების ვილებში ელექტრომობილები ივლიან, რომ ჩვენი მოძმე რესპუბლიკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ!