პოლიტიკა
„საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა“ - ელმარ ბროკი

1-brok-polit-3საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროკავშირთან ურთიერთობა შეხვედრის მთავარი თემები იყო.

მხარეებმა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც წინა კვირას შედგა.
შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული არჩევანისა და პერსპექტივისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.