სამართალი
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას დეპუტატებმა 83 ხმით მხარი დაუჭირეს

1-golos-samart-2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ახალ სამსახურში ვახტანგ გომელაური საქმიანობას 2015 წლის 1 აგვისტოდან შეუდგება და უწყებას 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

1 აგვისტომდე გომელაური უწინდებურად შს მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს, ხოლო შს მინისტრის ახალ კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს ორ დღეში, არაუგვიანეს ორშაბათისა, დაასახელებს.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა საქმიანობა ძალოვან უწყებებში გააგრძელა. 1994-2003 წლებში იგი სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2003-2013 წლებში კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოში საქმიანობდა. 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, 2015 წლის 26 იანვრიდან უწყების პორტფელი ჩაიბარა და საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელა.

კრიტიკული და მხარდამჭერი გამოსვლების შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ ვახტანგ გომელაურს ნდობა გამოუცხადა და მისი კანდიდატურა წარმოდგენილ თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობას - ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.