საზოგადოება
სტიქიის მძიმე შედეგები კახეთში: გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები სეტყვამ დააზარალა - რატომ არ იმუშავა ახლახან დაყენებულმა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა?

1-kaxeti-sazog-3საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. გუშინ გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონის სოფლებში: საბუეში, შილდაში, ყვარელში, სანავარდოში, კუჭატანში და გავაზში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ვენახები, საზამთროს ბაღები, სიმინდის ყანები 70–90%-ით გაანადგურა.

სტიქიით დაზარალებულების თქმით, მოსავლის მოსაყვანად აგროსესხები აქვთ აღებული. თუ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები მუშაობს, რატომ მოვიდა სეტყვა, ვერ ვხვდებით. არაფერი აღარ გვაქვს, ყველაფერი განადგურებულია“,- განაცხადა ყვარელში ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

როგორც ყვარლის გამგეობაში განაცხადეს, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის, მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს კი მთავრობა გადაწყვეტს.

ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ყვარლის გარდა თელავის და გურჯაანის რაიონებიც დააზარალა. სოფელ ახაშენში 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩაკეტა. თელავის რაიონში დაისეტყვა სოფლების ნაფარეულის, კონდოლის, ვანთას და აკურას ნაწილი.