საზოგადოება
საქართველოს დედაქალაქსა და რაიონებში 1 აგვისტოდან ელექტროენერგია გაძვირდება: "ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დაამხოს უკანონო და უსამართლო ხელისუფლება" - ჯონდი ბაღათურია

1-jondi-sazog-1-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. “ენერგო პრო ჯორჯია“, რომელიც ტარიფის გაზრდას თითქმის 5 თეთრამდე ითხოვდა, ბაზარზე ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებით, სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "უკვე არის მცირედი ამოსუნთქვის საშუალება, მაგრამ, თუ ჩვენ ელექტროენერგია ისევ უფრო ძვირი დაგვიჯდა, ვიდრე ახლა ჩაჯდა ტარიფში, ისევ სარეაბილიტაციო სახსრებით გადაიფარება, ისევ გამრიცხველიანების სახსრებით უნდა მიიმართოს ამ მიმართულებით, ისევ ხარისხს დაეტყობა და, რა თქმა უნდა, იქნება აბონენტის პრობლემა", - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე განმარტებით, აბონენტს, ვინც 100 კილოვატამდე მოიხმარს ელექტროენერგიას, 9-ის ნაცვლად 13 ლარის გადახდა მოუწევს. ენერგო პრო კი ითხოვდა, რომ დაახლოებით 14 ლარამდე გაზრდილიყო.

„ქართული დასის“ ლიდერი რეგიონებში დენის 3,9 თეთრით გაძვირებას "უკანონოს" და "უსამართლოს" უწოდებს.

"ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დაამხოს უკანონო და უსამართლო ხელისუფლება", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 23 ივლისის საჯარო სხდომაზე სს “ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ საჯარო სხდომაზე წარმოდგენილი გაანგარიშებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა. 0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე პირთათვის ტარიფი განისაზღვრა 10.978 თეთრი/კვტ.სთ-ით (პირველი საფეხური), 101-300 კვტ.სთ-ს მომხმარებელთათვის - 14.348 თეთრით/კვტ.სთ-ით (მეორე საფეხური), 301 კვტ.სთ და მეტი - 18.178 თეთრი/კვტ.სთ-ით. სამივე საფეხურისთვის ტარიფი გაიზარდა 3.348 თეთრი/კვტ.სთ-ით. ტარიფები ძალაშია 2015 წლის პირველის აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.

გუშინ საღამოს განაცხადი ტარიფის გაზრდაზე შეიტანა შპს „თელასმაც“ - ენერგოგამანაწილებელმა კომპანიამ, რომელიც დედაქალაქს ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფი თბილისის მცხოვრებლებისთვისაც გაიზრდება.