საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილების აქცია მიმდინარეობს

devnilebis-aqciaადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილების აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები არიან ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე.

როგორც ჩხარტიშვილმა საქინფორმთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას უფლებების დარღვევის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენონ.

მისი განცხადებით, საქართველოში ყველა სფეროში უფლებები ირღვევა, ერთ-ერთია დევნილების უფლებები, რომლებიც უხეშად ირღვევა. მათ შეზღუდული აქვთ საცხოვრებელის ქონის, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებები.

ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთხოვენ მსგავს აქციებში მხარდაჭერას.

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გადაყენება სწორედ ამგვარი ტიპის აქციების გააქტიურებით არის შესაძლებელი და არა აბსტრაქტული დაუმორჩილებლობის გამოცხადებით.

შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილე დევნილები, 65-ე დღეა, ცხოვრობენ ლტოლვილთა სამინისტროსთან გაშლილ რამდენიმე კარავში.