8 ქვეყანაში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებს დღეს დაამტკიცებენ
დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე 8 ქვეყანაში საქართველოს ახალ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებს დაამტკიცებს. ელჩების კანდიდატურები მიმდინარე კვირას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. გეგმიური როტაციის წესით, 11 ქვეყანაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება.
7 დეკემბერს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ელჩებად უკვე დაამტკიცა თენგიზ შარმანაშვილი (სომხეთში), ოთარ ბერძენიშვილი (ბრაზილიაში) და მალხაზ მიქელაძე (მექსიკაში). რაც შეეხება დანარჩენი 8 კანდიდატურას, შვედეთში გაიგზავნება საქართველოს ყოფილი ელჩი პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძე; პოლონეთში კი - ყოფილი ელჩი სლოვაკეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; სლოვაკეთში საქართველოს საელჩის სათავეში ჩაუდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი; აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა; ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს; ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს; გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეში, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძისა და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია დასახელებული.