სამართალი
კახა მამულაშვილი: „გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე…“ – „მამულიჩას“ პატიმრობა ემუქრება...

1-mamuliCa-samart-3საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. 18 ივლისს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი (იგივე „მამულიჩა“) აეროპორტში დააკავეს. პირადი ჩხრეკის დროს მისი ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და 0,2048 გრ ე.წ. "ექსტაზი". ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას კოკაინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.

გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა განაცხადა.

"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახი მამულაშვილმა, რომელიც 10-ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.