შსს-მ 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო
საქართველო, 22 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე
ელიანო კ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 7 კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა.