საზოგადოება
SOCAR-ი აზერბაიჯანისგან საქართველოსთვის გაზის შეწყვეტაზე ინფორმაციას უარყოფს

1-socar-sazog-2-analitსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. კომპანიის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება.

"SOCAR Georgia Gas აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.

SOCAR Georgia Gas თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს, გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. 19 ივლისს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას", - აცხადებს SOCAR Georgia Gas.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა, ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4- მილიონიანი ჯარიმა კი სოკარს დააკისრა, რომელიც ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.