სამართალი
„ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს! სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან!" - პრემიერი ღარიბაშვილი
1barnov-sam-2-an-6საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. მივმართავ პოლიციას, დაიცავით კანონი, დაიცავით საკუთარი მუნდირი და ღირსება და აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა (ვიდეო იხ. აქ). მისივე თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. "რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას (ვიდეო იხ. აქ).
მთავრობის მეთაურის განმარტებით, „არსებობს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და ეს საზღვრები არ გადაიხედება, ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს. საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შევალთ აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ვიცხოვრებთ მშვიდად, ეს არის ისტორიული კანონზომიერება, რასაც მივაღწევთ ჩვენი კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკით,"- აღნიშნა პრემიერმა.