საზოგადოება
„ისინი ეწევიან ომის პროპაგანდას, სიძულვილს თესავენ, ჩვენს მოსახლეობას წამლავენ!“ - მოღვაწე, გვარად ტუღუში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვას მოითხოვს

1voina-saz-2-an-1საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა 17 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული, თუ რას ვუშვებით იმ რუსულ არხებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას წამლავენ. ამაში, სამწუხაროდ, საკაბელო არხები ფულს აკეთებენ. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან მარტივად, იოლად და ვხედავთ, როგორ იზრდება ამ საწამლავის შედეგად პრორუსული განწყობები საქართველოში. მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, ახდენს ზეგავლენას ადამიანების განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, მათ შორის, კონფლიქტთან მიმართებაში. ასეთ დაწოლას ხშირად პრობლემურად აღიქვამენ ძალიან განვითარებული ქვეყნები, ისინი საპირისპირო მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავენ. რუსეთი პროპაგანდისთვის მილიარდებს ხარჯავს და ჩვენ ამას რას ვუპირისპირებთ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ამისთვის”, – განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო არხები ან სამართლებრივი გზით უნდა შეიზღუდოს, ან მათზე პირდაპირ უარი უნდა ვთქვათ.

სამართლებრივი გზით უნდა შევზღუდოთ ეს არხები იმიტომ, რომ ისინი ეწევიან ომის პროპაგანდას, სიძულვილს თესავენ. მაშინ, როცა ჩვენი არხები ჩვენი კანონმდებლობით მოწყვლადები არიან, რუსული არხების მიმართ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს სამართლებრივი გზა, რომ შემოიყვანო ისინი შენს სივრცეში, შესაბამისი სანქციები გამოიყენო მათ მიმართ და ასეთი ბერკეტი საქართველოს დღეს არ გააჩნია. მეორე გზა არის ის, რომ პირდაპირ უარი ვთქვათ ამ არხებზე... არ ვიცი, ეს რაინაირად შეიძლება გაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ იცი, რომ საწამლავს ყიდი, ის არ უნდა გაყიდო. ეს არის მორალური თემა. მე პირადად ერთი მოქალაქე მოვუწოდებდი, რომ ეს დამოკიდებულებები გადაისინჯოს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს დემოკრატია არ არის და დემოკრატია არის პლურალიზმი, მაგრამ რა პლურალიზმზე ვსაუბრობთ, როცა საქმე არ გაქვს მედიასთან. რუსეთის სახელმწიფო არხები მედია არ არის, არამედ ეს არის არხი, საიდანაც შემოდის საწამლავი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე არ მგონია, რომ აქ სტანდატრული დემოკრატიული რიტორიკით უნდა ვილაპარაკოთ. მით უფრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ ამ ქვეყანასთან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ტუღუშმა და მაგალითად მოიყვანა ლიტვა და უკრაინა, რომლებმაც ეს არხები თავის საინფორმაციო სივრცეებში აკრძალა.