სამართალი
თავდაცვის უწყება გენდერული პრინციპების კუთხით სამაგალითოა

1-primernoe-samart-1საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში რეგიონში სამაგალითოდ შეფასდა სემინარზე, რომელიც კახეთში, ლოპოტას ხეობაში იმართება.

„უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“,- ასე ჰქვია კურსს, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გახსნა. მან ყურადღება  სამინისტროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციაზე გაამახვილა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების განხორციელებასა და მრავალმხრივი მონიტორინგის დაგეგმვაზე ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტრო დიდი ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, უმნიშვნელოვანეს დროს უთმობს ამ სპექტრის დაცვას, ზოგადად, თანასწორობის პრინციპის, გაეროს N1325 და შემდგომი რეზოლუციების განხორციელებას. სემინარი, სწორედ, ამ თემებს ეძღვნება. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტმა თანამშრომელმა, მათ შორის, ხელმძღვანელმა პირებმა გაიარონ ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი თამარ თავართქილაძე ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2011 წელს გაეროს #1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა  დაამტკიცა. „თავდაცვის უწყება ერთ-ერთი მოწინავე სამინისტროა, რომელიც სხვა უწყებებთან ერთად  პასუხისმგებლობას იღებს კანონმდებლობის ფარგლებში გარკვეული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელთა შორის არის როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო გენდერული მრჩევლების დანიშვნა“, - განაცხადა თამარ თავართქილაძემ.

სემინარის მონაწილეებს ნატოს ოპერაციებში გენდერული მრჩევლის როლსა და ავღანეთის გამოცდილებაზე ესაუბრა ნორვეგიის შეარაღებული ძალების მაიორი ტორმოდ ოვერლანდი. ავანეთში მისიას 15 თვის განმავლობაში ვასრულებდი. ISAF-ის მისიის ფარგლებში ვიყავი მრჩეველი გენდერის საკითხებში. ვეხმარებოდი მისიის მეთაურს, თუ როგორ გვეთანამშრომლა ქალებთან, რომ ერთობლივი ძალებით  მისია წარმატებით შეგვესრულებინა“,- განაცხადა ოვერლანდმა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ კი აღნიშნა, რომ  გაეროს რეზოლუციის  განხორციელების თვალსაზრისით, თავდაცვის უწყება ერთ-ერთი წარმატებული სამინისტროა, რომლისგანაც  მაგალითი შეიძლება სხვა სამინისტროებმაც აიღონ. ჩვენთვის, როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვის, საამაყოა, რომ თავდაცვის მინისტრი ქალია. სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობდით და მივიჩნევთ, რომ ახლა უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ მისი ნებით და ხელშეწყობით. ის ფაქტი, რომ მინისტრი და მისი მოადგილე ქალია, უფრო აქტუალურს ხდის ამ თემას. ვფიქრობ, პოლიტიკური ნება არსებობს, როგორც რიგით, ისე წამყვან თანამდებობებზე მეტი ღირსეული ქალი მოხვდეს“, - მიიჩნევს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

სემინარი  სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორებიცაა: გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და თანმდევი რეზოლუცები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; ნატოს პოლიტიკა გენდერის საკითხებზე, გენდერული მრჩევლის როლი ნატოს ოპერაციებში და ავღანეთის გამოცდილება.