სამართალი
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: „ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან!“- interpressnews.ge

1nino-samart-3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.

ქადაგიძემ გაიხსენა გარდაცვალების დღე. მისი თქმით, 2 თებერვლის ღამის 3-დან 4 საათამდე რეკავდა და ძაძამია ეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დაალაპარაკებდა მეუღლეს. შემდეგ იგი ფეხით წამოვიდა წყნეთიდან და შუა გზაში დაეწია მანქანა. ცოტა ხანში კი მას დაურეკეს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ აცნობეს, ხოლო როდესაც მივიდა გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე მას შესვლის უფლებას არ აძლევდა. სახლთან კი ბევრი პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით კი, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მან მოახერხა ბინაში შესვლა და ნახა რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ ჰგონია გარდაცვლილის მეუღლეს, რომ ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია.

რატომ მგონია რომ ესენი იტყუებიან. ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს. შემდეგ ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან, რომელსაც ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ასევე ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ქონია. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მეზობლები არაფერს ამბობენ, რადგან გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ. ასევე კიდევ ერთი გარემოება, მწეველი ზურა, რომელიც 2 კოლოფს ეწეოდა დღეში, დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. მისი თქმით, ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მას ნანახი ჰქონდა ზურაბ ჟვანიას ფოტო, სადაც ტუჩის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა.

"ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მივედი ადეიშვილთან და ვუთხარი, რომ ტუჩზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ტუჩის შიგნიდან ჰქონდა ჩაქცევა. მან მთხოვა ფოტო მეჩვენებინა. როდესაც მოვიძიე ფოტო, აღმოჩნდა, რომ იგი გააქრეს", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ის არის, რომ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დიეტაზე იყო კუჭში აღმოუჩინეს მოხარშული ძეხვი. ქადაგიძე ამბობს, რომ ღამის 3 საათზე ჟვანია ძეხვს არ შეჭამდა. ასევე, მისი თქმით, გარდაცვალების დღეს უნდოდა გასაუბრებოდა პირს, რომელმაც ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, თუმცა მასთან დალაპარაკება ვერ შეძლო, რადგან ექსპერტმა ეს არ ისურვა.

როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანია აცხადებს, ზურაბ ჟვანიას თან დაჰქონდა სეიფის გასაღები. გარდაცვალების შემდეგ კი მას აქვს ინფორმაცია, რომ გასაღებით ისარგებლა კობა ხარშილაძემ.

"სეიფი იყო როგორც კანცელარიაში, ასევე ოფისში. ოფისის წარმომადგენლისგან კი მაქვს ინფორმაცია, რომ იქ იყო მისული ხარშილაძე და რაღაცეები წაიღო. სეიფში ინახებოდა საჩუქრები, ოფიციალური დოკუმენტები, საათი და ჩვენი პირადი ნივთები", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. ბრალდების მხარის შეკითხვების შემდეგ მან დაცვის მხარის შეკითხვებსაც უპასუხა. ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაცვის მხარის ადვოკატის შეკითხვებმა რამდენჯერმე გააღიზიანა.