საზოგადოება
„ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ქართული სახელმწიფო სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის განახორციელებს, რუსული მხარის მიერ აუცილებლად უარყოფითი შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით" - თინა ხიდაშელი

1tinatin-saz-3-anსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ რუსული სახელმწიფოს ამოცანები, ხედვები, დამოკიდებულებები სრულიად ნათელია. აღნიშნულის თაობაზე თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ნებისმიერ ქმედებას, რომესაც ქართული სახელმწიფო განახორციელებს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვისა და გამყარებისთვის, მათი მხრიდან აუცილებლად ექნება უარყოფითი შემხვედრი ნაბიჯი. ეს ბევრ სხვადასხვა ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, მაგრამ იმიტომ, რომ რუსეთს ბევრი რამ არ მოსწონს, ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებით და ვერ გავჩერდებით", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ემოციების გარეშე, საფუძველს ჩაუყრის ქართული სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს.

"ჩვენ უმოქმედოდ არ ვართ. ისეთი ტიპის ნაბიჯებს ვდგამთ, რომლის გადადგმა წინა ხელისუფლებამ ვერ გაბედა მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვერც ერთ ეტაპზე. იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გამყარდეს, ამას, რა თქმა უნდა, კრემლში აღფრთოვანებული არავინ შეხვდება, მაგრამ ამის გამო ჩვენ, რა თქმა უნდა არ გავჩერდებით. მთავარი ინტერესი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არა ვიღაცის კაპრიზები ან ვიღაცის შიშები...", -  განაცხადა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა.