საზოგადოება
"გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები და რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ" – ნინო ქადაგიძე

1kadagiZe-sazog-1საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილთან ორჯერ ჰქონდა კონტაქტი. როდესაც პირველად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილს შეხვდა, მან უთხრა, რომ ოღონდ გამოძიებისთვის თავი დაენებებინა და რაც უნდოდა ის ეთხოვა. მეორედ კი, ქადაგიძემ სააკაშვილს საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებს, ნინო ქადაგიძის თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ბარამიძე ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემს სახლში ფეხი არ შემოუდგამს გარდა პირველი კვირისა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა. მათ მოსასვლელი პირი არ ჰქონდათ და ამიტომ. გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები, ზურა რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ზურა აღარ არის და ისინი ახლა რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. მაგათ არა აქვთ არანაირი ღირებულება. ეგენი არ ხედავდნენ ზურა რა პიროვნება იყო? მაგრამ მითხარით ერთი შემთხვევა, რომ ამ ადამიანებმა რამეზე ხმა ამოიღეს. მე გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, ზურას მეგობრებს გაეგრძელებინათ ის, რასაც ზურა აკეთებდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას რჩევას მტრებიც კი ეკითხებოდნენ. "მისი მტრებიც კი ზურას რჩევას ეკითხებოდნენ. ამას ვხედავდი. ხშირად გამიგია, როგორ ურეკავდა სააკაშვილი და ზურა ეუბნებოდა რა უნდა გაეკეთებინა მას", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.