აქტუალური
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიის ნატოს საზაფხულო სკოლის სემინარი საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ორგანიზებით და ნატოს საჯარო დიპლომატიის სამსახურის (PDD) მხარდაჭერით იმართება. სემინარში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მონაწილეობენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თინათინ ხიდაშელმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ეს მოსაწვევი მივიღე. მზად ვარ ნებისმიერ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან ვითანამშრომლო, როდესაც საქართველოში ვარ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მათთვის ვაკეთებთ, იმიტომ რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. შესაბამისად, მათი აზრი, დამოკიდებულება, პოზიციები და დისკუსიები განსაკუთრებით საინტერესოა. ახალგაზრდებს სხვაგვარი ტვინი აქვთ, სხვაგვარად ფიქრობენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. კონფერენციაზე განიხილება: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-რუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რელიგიური ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიაში და ISIS-ის საფრთხე მსოფლიოსთვის.