საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „რომელ საერთაშორისო ნორმებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ადამიანების დაჩაგვრას, აბუჩად აგდებას ვხედავთ! ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა და შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს“ - აბაშიძე

sazog-3-analitსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე სოფელ ორჭოსანის სიახლოვეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, უკიდურესად შეშფოთებულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ხურვალეთის და წითელუბნის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე რჩებიან.

შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ზურაბ აბაშიძე, შალვა ენუქიძე და შსს-ს სხვა წარმომადგენლები.

ზურაბ აბაშიძემ სოფელ ორჭოსნის სიახლოვეს იმ ადგილას, სადაც შეიარაღებულმა ფორმიანებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს, განცხადება გააკეთა.

რომელ საერთაშორისო ნორმებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ადამიანების დაჩაგვრას, აბუჩად აგდებას ვხედავთ. ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა და შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიღებული ზარალის გამო გაბოროტებულია. სწორედ ამიტომ დესტაბილიზაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს. ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი პრაღაში. მართალია ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ ფაქტებზე მსჯელობას, თუმცა სწორედ ამაზე პრაღაში უმწვავესი საუბარი იქნება. ამით დაიწყება და ამით დამთავრდება საუბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს მომხდარს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე.

"როგორც ხედავთ, ძველი ბანერიდან დაახლოებით 300 მეტრით არის გადმოწეული ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი მიმართულია რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევისკენ. მოგეხსენებათ, ამავე ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსის ტერმინალის ნავთობსადენიც. გარკვეული მონაკვეთები, მორიგი უკანონო ქმედებით ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი შესაძლოა გარკვეული ვაჭრობის თემა გახდეს და იყოს გარკვეული წინადადებები", - განაცხადა შალვა ენუქიძემ.