რელიგია
ილია მეორე: „აღსარება არის უდიდესი საიდუმლო, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან“

sazog-1-relig-1საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს.

უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ისაუბრა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. "ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე. უწმინდესმა ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისგან. პატრიარქმა ქადაგების დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ ასურელი ადამიანების დევნა და წამება შეწყდება.