სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს უჩივლეს

1-advokat-samart-1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგრანტო პროექტის დაფინანსების უართან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საკონკურსო კომისია  ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან.

მათივე თქმით, გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერები და წევრები არიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში საგრანტო პოლიტიკა შესაცვლელია და ის დისკრიმინაციული არ უნდა იყოს.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სწავლების ცენტრს წარუდგინა საგრანტო წინადადება საარჩევნო თემაზე: „ჩემი პირველი ხმა“, რომელიც ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების და საარჩევნო თემაზე ინფორმირების გაზრდას ქვეყნის 6 საარჩევნო ოლქში.